MyBakuriani
Назад в блог

ბაკურიანში ახალი მულტიფუნქციური საავადმყოფო აშენდება - ეკა ორჯონიკიძე

ბაკურიანში, სამედიცინო სერვისების გაუმჯობესების მიზნით, გაზაფხულიდან ახალი, მულტიფუნქციური საავადმყოფოს მშენებლობა იგეგმება - ამის შესახებ "საქმის კურსთან" ბაკურიანის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი, ეკა ორჯონიკიძე აცხადებს. დღეისთვის, კურორტზე მცირე ზომის პოლიკლინიკა მოქმედებს, სადაც რენტგენის აპარატია განთავსებული. ეკა ორჯონიკის ინფორმაციით, ზამთრის პიკურ სეზონზე ადგილობრივ სამედიცინო პერსონალს დამატებით ტრავმატოლოგები და მუცლის ღრუს ქირურგები ემატებიან ხოლმე. თუმცა არსებული ინფრასტრუქტურა გაზრდილ ნაკადებს სრულად ვერ აკმაყოფილებს, რის გამოც ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით ახალი პროექტის განხორციელება გადაწყდა. „ბაკურიანში ერთ-ერთი დიდი გამოწვევა სერვისებია. ჩვენ პოლიკლინიკა გვაქვს - ასე ვთქვათ, პატარა საავადმყოფო და სეზონზე როგორც ტრავმატოლოგებს, ასევე მუცლის ღრუს ქირურგს ვიმატებდით, ჯანდაცვის სამინისტროსთან მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ უკვე გაზაფხულიდან ბაკურიანში მულტიფუნქციური, დიდი საავადმყოფოს მშენებლობა დაიწყება. ალბათ ძალიან მალე აშენდება და ეს პრობლემა აღმოიფხვრება“, - განაცხადა ეკა ორჯონიკიძემ. ახალი საავადმყოფოს პროექტირება ამჟამად მიმდინარეობს, ხოლო უშუალოდ სამშენებლო სამუშაოები გაზაფხულიდან დაიწყება. ბაკურიანის კლიმატური პირობებისა და მოკლე სამშენებლო სეზონის გათვალისწინებით, ობიექტის ექსპლუატაციაში შესვლას სავარაუდოდ 1-იდან 1.5 წლამდე დასჭირდება. ბაკურიანის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, წელს ზამთრის სეზონის დაწყებამდე საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოების დიდი ნაწილი დასრულდება, თუმცა ბაკურიანისთვის, მისი შეფასებით, ბაკურიანში პარკირებისა და საცობების პრობლემა შესაძლოა კვლავ გამოწვევად დარჩეს. წყარო: https://bm.ge/news/bakurianshi-akhali-multifunqtsiuri-saavadmyofo-ashendeba-eka-orjonikidze

Понравилась статья? Поделитесь с друзьями